რატომ ასრულებს Apple-ი კრემლის მოთხოვნებს და რას ნიშნავს ეს IT ინდუსტრიისთვის

შავ პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე კომპანია Apple-მა საკუთარი მომხმარებლების პოლიტიკური მგრძნობელობის შემოწმება გადაწყვიტა.

Apple-მა ყირიმი საკუთარ რუკებში რუსეთის ფედერაციას მიაკუთვნა. კომპანიის ამინდის აპლიკაციაში ქალაქი სიმფეროპოლი აღნიშნულია როგორც რუსეთის ერთ-ერთი ქალაქი, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.

Apple-იც და Google-იც ერთნაირად აგვარებენ ყირიმის საკითხს: რუსებისთვის ყირიმი რუსეთის, ხოლო უკრაინელებისთვის უკრაინის ტერიტორიაა. ასეთი სახით ტექნოლოგიური კომპანიები ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ,

რომელი კომპანიები ითვალისწინებენ რუსეთისა და ჩინეთის მოთხოვნებს და რატომ ეშინია Apple-ს ჰომოფობების?

ყირიმის საკითხი

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია Apple-მა დააკმაყოფილა კრემლის მოთხოვნები და საკუთარი რუკების და ამინდის აპლიკაციებში ნახევარკუნძული რუსეთს მიაკუთვნა. სხვა ქვეყნებიდან კი ყირიმი ნეიტრალურ ტერიტორიის სტატუსით ჩანს.

რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე თვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს Apple-თან რუკებში არსებული „უზუსტობის გამოსასწორებლად“.  ამ სიახლეს რუსეთის დუმის ოფიციალურ საიტზე სტატიაც კი მიუძღვნეს. უცნაურია, როგორ დაავიწყდათ და სტატია არ დაასრულეს ტექსტით „ვაშა, ამხანაგებო!“.

„უკან დაბრუნების გზა აღარ არსებობს. დღეიდან Apple-თან დაკავშირებული საკითხი ამოწურულია— ჩვენ მივიღეთ ის რაც გვინდოდა“ — აცხადებს რუსეთის ფედერაციის კორუფციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვასილი პისკაროვი.

რუსეთში მიაჩნიათ, რომ ასეთი სახით დაიწყო „დასავლურ კომპანიებთან დაახლოების“ პროცესი. როგორც ჩანს რუსეთში გამორჩათ ის ფაქტი, რომ ბაზრის შესანარჩუნებლად ავტორიტარულ რეჟიმთან მრავალი სხვა უცხოური კომპანიაც ანალოგიურად იქცევა.

Apple-ის ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ შეაფასა, რომელიც საკუთარ Twitter-ზე წერს:

„ნება მომეცით თქვენივე ტერმინებით აგიხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ გაბრაზდით, როცა გაიგეთ, რომ კომპანიის მიერ შექმნილი თქვენი დიზაინი და იდეები, წლების შრომა და თქვენი გულის ნაწილი მოიპარა თქვენმა მტერმა, მაგრამ ამ დროს ვიღაც თქვენ ტკივილს არ ითვალისწინებს. ზუსტად ასეთი გრძობაა, როცა გვესმის რუსული ყირიმის შესახებ“.

ამის შემდეგ პრისტაიკომ კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვყნა, სადაც აღნიშნავს, რომ Apple-ის პროდუქცია შესანიშნავია, თუმცა გლობალური პოლიტიკა კომპანიის უკიდურესად სუსტი მხარეა.

აშშ-ში უკრაინის საელჩომ აღნიშნა, რომ მადლიერების დღეს უკრაინელებს გაუჭირდებათ Apple-ის მადლიერები იყვნენ, რადგან „ყირიმი უკრაინის ნაწილია და იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

Apple-ის და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმებთან ახალი არაა. კომპანიამ AppStore-დან ჰონგ-კონგელებისთვის წაშალა პოლიციის ადგილმდებარეობის დადგენისთვის განკუთვნილი აპლიკაცია და ტაივანის დროშა.

Facebook-ის და Twitter-ის მომხმარებლები საზოგადოებას კომპანიის პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. უკრაინის ხელისუფლება კი Apple-ისთვის საკუთარ პასუხს ამზადებს.

Apple-ის თანამშრომლობა ხელისუფლებასთან

მათთვის, ვინც იმედგაცრუებულია Apple-ის მხრიდან რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალობით რამდენიმე სიახლე გვაქვს. კორპორაციამ საკუთარი სისუსტე ავტორიტარულ რეჟიმთან ჯერ გასული წლის ზაფხულში გამოავლინა, როცა რუსეთის ტერიტორიაზე Apple Watch-ის LGBT-დიზაინი დაბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ მიღებული „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ კანონი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიარა, Apple-მა მაინც შეასრულა ადგილობრივი კანონმდებლების  მოთხოვნა.

LGBT ფონის Apple Watch-დან წაშლა შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავია, თუმცა, როცა კომპანიის იდეოლოგია „თანასწორობისა და მრავალფეროვნების  მხარდაჭერას“ ეფუძნება, რთულია ვერ შეამჩნიო ორმაგი სტანდარტები. როგორც ჩანს Apple მსოფლიოში საკუთარი იდეოლოგიის დაცვას მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე ცდილობს.

Apple-მა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუთმო, როცა მომხმარებლების პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე გადაიტანა, რასაც რუსეთის ფედერაციის კანონი ითხოვდა.

Telegram-მა, Facebook-მა, Twitter-მა და Google-მა უარი თქვენს აღნიშნულ კანონის დაცვაზე. თუმცა Apple-მა, რომელიც როგორც წესი ყველაზე მეტს ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კონფიდენციალობაზე შეასრულა კრემლის მოთხოვნა და მოქალაქეების მონაცემები რუსეთში განთავსებულ სერვერებზე გადაიტანა.

2017 წელს Apple-მა ჩინური iCloud-ების დაშიფრული გასაღები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სერვერებზე გადაიტანა, რითაც ხელისუფლებას მოქალაქეების კონტროლი გაუმარტივა.

უფლებადამცველები ჩინეთში და რუსეთში მცხოვრებ Apple-ის პროდუქციის მომხმარებლებს საკუთარი მოწყობილობების სხვა ქვეყნების გავლით აქტივაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა რამდენად მუშაობს აღნიშნული სქემა, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Apple-ს ყირიმის ანექსიისადმი განსხვავებული პოზიცია ქონდა. კომპანიამ მხარი დაუჭირა აშშ-ს სანქციებს და ყირიმის ტერიტორიაზე სრულად აკრძალა საკუთარი პროდუქციის გაყიდვები და დაიწყო ყირიმის ტერიტორიაზე iCloud-ის ანგარიშების დაბლოკვა, რასაც რუსეთის ფედერაციამ  კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარით უპასუხა.

შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის პოლიტიკის ცვლილება ქვეყნის სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლას დაემთხვა.

როგორ აგვარებენ პოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტს სხვა ტექნოლოგიური კომპანიები?

ძირითადად ისევე, როგორც ამას Apple აკეთებს. როცა მსხვილი საწარმო დაინტერესებულია საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების კონკრეტულ ბაზარზე შეტანით, მაშინ კომპანია აღნიშნული ბაზრის წესებს უპირობოდ ასრულებს.

ამ რეალობის გათვალისწინებით აზრს მოკლებულია Apple-ის პროდუქციის ბოიკოტირება. Google-მა ყირიმი რუსეთს უფრო ადრე მიაკუთვნა (მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე), ამავე ლოგიკით უარი უნდა ვთქვათ კომპანიის ყველა პროდუქტზე, მათ შორის YouTube-ზე, Gmail-ზე, Drive-ზე და Android-ზეც კი.

 

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Facebook-მა თანამშრომლების სახის ამომცნობი აპლიკაცია შექმნა

Next Post

Apple „რუსული ყირიმის“ საკითხს გადახედავს

Related Posts

2020 წელს მობილურ აპლიკაციებში მომხმარებლებმა $100 მილიარდი დახარჯეს

ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა მობილური აპლიკაციების სამომხმარებლო ხარჯების კვლევა გამოქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს მომხმარებლებმა App Store-სა და…
გაიგე მეტი

ხელოვნური ინტელექი, როგორც მოსამართლე და ფარმაცევტი — ქვეყნების გამოცდილება

საქართველოში ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მკაფიო ხედვა არ არსებობს, თუმცა მრავალი სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად…
გაიგე მეტი
Getty Images

ფეისბუქისა და ეფლის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესმა სოციალურმა ქსელმა The Wall Street Journal-ში, The New York Times-ში და The…
გაიგე მეტი
Total
0
Share