რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ: ბოლო მონაცემები

ჩინური კორონავირუსის, იგივე ვუჰანის გრიპის მსხვერპლთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით ამჟამად დაინფიცირების  440-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად შტამს მეცნიერები სწავლობენ.

რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალური ანგარიში გამოქვეყნეს. დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ არსებობს პათოგენით გამოწვეული პანდემიის საშიშროება, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

მთავარ ინფექციებს შორის, რომლებსაც პანდემიის გამოწვევა შეუძლიათ ებოლა, ზიკა, ნიპახი და გრიპის ხუთი სხვა სახეობა დასახელდა. ანგარიშის ავტორები ვარაუდობდნენ, რომ განვითარებული სატრანსპორტო ქსელის გამო სასიკვდილო დაავადება მსოფლიოს 36 საათის განმავლობაში მოედებოდა და ჯამში 80 მილიონ ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.

აღნიშნულ ნაშრომში მეცნიერებმა გლობალური ეპიდემიის მხოლოდ თეორიული განვითარება ივარაუდეს, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთში ახალი სახეობის გრიპს ვერ უმკლავდებიან, რამაც 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მედიის ცნობით ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აზიის სხვა ქვეყნებსა და აშშ-შიც დაფიქსირდა, ხოლო ჩინელი მედიკოსები იმ ქალაქის იზოლირებას ითხოვენ, რომელშიც ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ დაავადების აფეთქება ჩინურ ახალ წელს დაემთხვა, როცა ჩინეთის ასობით მილიონი მოქალაქე მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა არის „კორონავირუსი“, რით არის ის საშიში და უნდა ველოდოთ თუ არა პანდემიას, რომლის შესახებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებდა.

როგორ დაიწყო?

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო საშუალებები აქტიურად მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალაპარაკდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩინეთის ოფისში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ცნობა 2019 წლის 31 დეკემბერს შევიდა. შემთხვევა 12 მილიონიან ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.

რამდენიმე დღეში სპეციალისტებმა 44 დაინციფირებული გამოავლინეს, საიდანაც 11 უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩინეთის ხელისუფლებამ შესაბამისი პრევენციული მოქმედებები დაიწყო და შესაბამის უწყებებს უცნაური რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება დაავალა. იმ დროისთვის ასეთი მხოლოდ 10 შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრში ივარაუდეს, რომ ვირუსის წყარო შესაძლოა ქ.ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი ყოფილიყო, რომელშიც დაინფიცირებული ადამიანები მუშაობდნენ. პირველი იანვრიდან ბაზარი დეზინფექციის მიზნით დაიკეტა.

ერთ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ვუჰანში პნევმონიის ეპიდემიას კორონავირუსის ახალი ტიპი იწვევს, რომელიც მძიმე და მწვავე რესპირატორულ სინდრომის, იგივე SARS-ის ქვეჯგუფს განეკუთვნება.

SARS-ი პირველად ჩინეთში, 2000-იან წლების დასაწყისში დაფიქსირდა. 2003 წელს ამ ვირუსით ჩინეთში 349, ჰონგ-კონგში 299 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამ შემთხვევის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მწვავედ გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლება ინფიცირებულთა რიცხვის ხელოვნურად შემცირების გამო.

როგორც ჩანს ისტორია მეორდება. ჩინეთმა კორონავირუსით პირველი გარდაცვლილის შესახებ ოფიციალური ცნობა 2020 წლის 11 იანვარს დააგვრცელა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაურკვეველი წარმოშობის პნევმონიის შესახებ პირველი ცნობა 11 დღით ადრე მიიღო. მალევე დაფიქისრდა დაინციფირების პირველი შემთხვევა ტაილანდში.

ჩინეთის სახელისუფლებო ტელევიზიის, CCTV-ს ტელეეთერით ექსპერტებმა ოფიციალურად დაადასტურეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესაძლებლობა. დაინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ყველა მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გამოვლინდა.

ვუჰანის გრიპით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში.

ბოლო მონაცემები

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 830 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად სწავლობს ვირუსის სპეციფიკას და აკვირდება პაციენტებს, რომლებმაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი დააინფიცირეს. ერთ-ერთი ეპიდემიოლოგის განცხადებით, პაციენტმა ვუჰანიდან უცნობი ვირუსით 10 მედიკოსი დააინფიცირა.

ახალ ვირუსთან ბრძოლას ერთდროულად რამდენიმე გარემოება ართულებს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ვირუსის სიმპტომები რამდენიმე სხვა რესპირატორული დაავადების მსგავსია— ციებ-ცხელება, სუნთქვის გართულება, ხველა, თავის ტკივილი და ფილტვების დაზიანება, რომელიც მხოლოდ რენტგენოგრამით დგინდება.

ვირუსის დადგენას ხელს ასევე უშლის ზამთრის პერიოდში პნევმონიით დაავადების შემთხვევების ზრდაც. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ეპიდემიის პროვოცირება გამოიწვიოს არის ჩინური ახალი წელი, რომლის აღნიშვნაც 24 იანვრიდან იწყება. ამ პერიოდში ჩინეთის მოქლაქეები მოგზაურობენ როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ.

როგორ ებრძვიან ვირუსს

საერთაშორისო აეროპორტებში მონტაჟდება სპეციალური აღჭურვილობა, გაძლიერებულია კონტროლი ვუჰანიდან განხორციელებულ ფრენებზე.

10-მდე ჩინურ ქალაქი სრულ იზოლაციაშია, პოლიცია ცხოველების არსებობის გამორიცხვის მიზნით მანქანებს ამოწმებს. მთელი ჩინეთის მასშტაბით რკინიგზის სადგურებსა და აეროპორტებში მგზავრების შესამოწმებლად ინფრაწითელი თერმომეტრები დამონტაჟდა.

ავიაკომპანიები მგზავრებს დამცავ პირბადეებს და ანტისეპტიკურ საშუალებებს ურიგებენ. China Air-მა კი ვუჰანში ორმხრივი ფრემები შეაჩერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა:

  • საგულდაგულოდ და ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით ან გამოიყენეთ ხელის სპირტის შემცველი ანტისეპტიკური სხვა საშუალებები (ხელსახოცები, სპრეი, გელი). დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ, ცხოველებთან კონტაქტის შემდგომ, ჰიგიენის პროცედურების შემდეგ, საკვების მომზადების წინ, მომზადების დროს და შემდგომ; დაცემინებისა თუ დახველების შემდეგ.
  • ცემინებისას ან ხველებისას აიფარეთ ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ნებისმიერი ტიპის ახლო კონტაქტს გაციების ან გრიპის სიმპტომების მქონე ადამიანებთან;
  • გამოყენებამდე ხორცი და კვერცხი კარგად მოხარშეთ;
  • მოერიდეთ დაუცველ კონტაქტს გარეულ თუ შინაურ ცხოველებთან.
  • მოგზაურობისას აზიის ქვეყნებში, ჩინეთში რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ასევე მიაწოდეთ მას თქვენი მოგზაურობის მარშრუტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, თუმცა ჩინეთის ოფიციალური უწყებები საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებს არ ზღუდავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს. საგანგები მდგომარეობა 2000-იანი წლებიდან პერიოდულად ცხადდებოდა ებოლას, ზიკას და H1N1 ვირუსების ფართო გავრცელების დროს.

კიდე რა ვიცით

2003 წელს დაფიქსირებული SARS ვირუსისგან განსხვავებით ახალი კორონავირუსი (2019nCoV) ნაკლებად აგრესიული სიმპტომებით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო ართულებს ვირუსის გამოვლენას. ინფიცირებულების საშუალო ასაკი 40 წელს აღწევს. ბავშვებში ჯერ-ჯერობით კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქისრებულა.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად რამდენიმე თვეა საჭირო.

მეცნიერების ნაწილი არ ენდობა ჩინეთის მიერ დასახელებულ ინფიცირებულთა ოფიციალურ რიცხვს (450+). მათი თქმით, ეს რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 1723-ს აღემატება.

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გამოჩნდება

Next Post

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსი ლაბორატორიის პირობებში შექმნეს

Related Posts

Google VMware-თან ახალ თანამშრომლობას იწყებს

Google-ი VMware-სთან ახალ თანამშრომლობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც კორპორატიულ მომხმარებლებს Google Cloud-ზე VMware-ს გაშვება გაუმარტივდებათ.
გაიგე მეტი

Facebook-მა ახალი დიზაინის ტესტირება დაიწყო

გასული წლის მაისში Facebook-მა სოციალური ქსელის ინტერფეისის მასშტაბური ცვლილებები დააანონსა. განახლებული ინტერფეისის ტესტირებამ Facebook-ის ვებ-ვერსიაზეც გადაინაცვლა. სოც.ქსელის ვებ-ვერსია…
გაიგე მეტი
Total
0
Share