fbpx
ანალიტიკა

2019 წლის 10 ყველაზე გახმაურებული მოვლენა IT ინდუსტრიაში

1 Mins read

2020-ის მოახლოებასთან ერთად დროა განვლილი 12 თვეში განვითარებული მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები შევაჯამოთ.

წელს „მსოფლიო აბლაბუდის“ კონცეფციას 30 წელი შეუსრულდა, ხოლო ამ ხედვის შემოქმედი ტიმ ბერნერს-ლი აცხადებს, რომ ინტერნეტი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ის „გადარჩენას“ საჭიროებს.

ნაწილობრივ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით, რადგან მთავარმა IT მოთამაშეებმა Google-ის, Facebook-ის და Apple-ის ჩათვლით ისევ დაუშვეს მომხმარებლების პირადი მონაცემების მასშტაბური გადინება, რის შედეგადაც ინფორმაციის გავრცელებაზე გავლენის უფრო მეტი ბერკეტი შეიქმნა.

ამისდა მიუხედავად 2019 წელს მომხმარებლების ყურადღება სხვა ამბებმა მიიპყრო. კერძოდ, რუსეთის ინტერნეტის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, Samsung-ის პირველი საკეცი სმარტფონის მარცხი და Apple-ის მთავარი დიზაინერის წასვლა კომპანიიდან. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს Google-ის სერვისების გამოყენების აკრძალვა Huawei-ს მოწყობილობებზე.

იმისათვის რომ გავერკვიოთ რა იყო წელს მთავარი და რა მეორეხარისხოვანი ამბავი, Techinsider-მა IT ინდუსტრიის განვლილი წლის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი შეაჯამა.

რუსეთი ინტერნეტის წინააღმდეგ

2019 წელი დაიწყო იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მესენჯერი Telegram-ის დაბლოკვა სცადა. რუსეთის ხელისუფლებამ ტელეგრამის მომხმარებლების მიმოწერებზე წვდომა მოითხოვა, რაზეც მესენჯერის შემქმნელებმა უარი განაცხადეს.

ამის შედეკად „როსკომნადზორმა“ უმსხვილესი მობილური ოპერატორების მეშვეობით Telegram-ის რამდენიმე ათასობით პროქსი სერვერი დაბლოკა, თუმცა მესენჯერი მაინც შეუფერხებლად აგრძელებდა მუშაობას.

როგორც შემდეგი მოვლენებიდან გამოჩნდა, ეს ქმედება რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტის წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავდა. მოგვიანებით ხელისუფლებამ Google-ისგან რუსეთში აკრძალულ ვებ-გვერდებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა, ხოლო Apple იძულებული გახდა რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლების მონაცემები ადგილობრივ სერვერებზე გადაეტანა.

რუსეთის გალაშქრება ინტერნეტის წინააღმდეგ დაგვირგვინდა დუმის რამდენიმე კანონპროექტით. 2019 წლის 1 მაისს ვლადიმერ პუტინმა  „გლობალური ქსელიდან გათიშვის შემთხვევაში ინტერნეტის რუსული სეგმენტის მდგრადი მუშაობის  უზრუნველყოფის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა, რომელსაც სხვაგვარად ე.წ “სუვერენული ინტერნეტის“ კანონსაც უწოდებენ.

კანონი DPI (ანუ deep packet inspection) სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ახალი ტექნოლოგია ხელისუფლებას ინტერნეტ-პროვაიდერების და მობილური ოპერატორების გავლით ტრაფიკის ანალიზის და გარკვეული საიტების ბლოკირების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი სისტემა 2000-იანების დასაწყისში ჩინეთშიც დაინერგა, თუმცა ექსპერტების თქმით, მსგავსი ტოტალური კონტროლი რუსეთში ვერ განხორციელდება, რადგან ამას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება.

Apple-ის უსაფრთხოების „ხვრელი“

Apple და მისი ხელმძღვანელი, ტიმ კუკი საკუთარი მოწყობილობების საიმედოობით და უსაფრთხოებით ამაყობენ და აცხადებენ, რომ მონაცემების დაცულობა მათი პროდუქციის მომხმარებლების ფუნდამენტური უფლებაა. ცხადია, Apple-ის უსაფრთხოების სტანდარტი ნამდვილად იმსახურებს შექებას, თუმცა, როგორც იტყვიან, სრულყოფილი არაფერია.

Apple-ის უსაფრთხოების პრობლემებზე პირველი ცნობები 2018 წლის მიწურულს გამოჩნდა, როცა კომპანია DriveSavers-მა ნებისმიერი iPhone-ის ან iPad-ის გატეხვის მომსახურების გაყიდვა დაიწყო. დიახ, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს iOS-ის შიფრაციის გვერდის ავლა იმ მომენტისთვის შესაძლებელი იყო, რაც შემდგომ Apple-მაც დაადასტურა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ხარვეზი აპლიკაცია FaceTime-ში იმალებოდა.

მოწყვლადობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ Apple-მა FaceTime-ში დროებით ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქციის გათიშვაც კი მოუწია. ხარვეზი მალევე გამოსწორდა. შესაძლოა ზუსტად ამის გამო გააფრთხილა ტიმ კუკმა ინვესტორები

Google +-ის გარდაცვალება

2011 წელს, სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდასთან ერთად Google-მა ახალ ბაზარზე გასასვლელად ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. ასე გაჩნდა Google + , რომელსაც  ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

Google-მა ახალ სოც.ქსელში დასარეგისტრირებლად არსებული Gmail ანგარიშების გამოყენება გადაწყვიტა და გამოვიდა ისე, რომ ვინც კომპანიის ელ.ფოსტის სერვისით სარგებლობა, ავტომატურად Google+-ის ანგარიშიც ქონდა.

ზუსტად ნახევარ წელიწადში ახალი სოც.ქსელის შექმნიდან ის ყველაზე პოპულარულ პლატფორმად იქცა, რომელსაც არავინ იყენებდა.

სოც.ქსელის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი განვითარების სტრატეგიის არარსებობა იყო. გაუგებარი დარჩა Google +-ის კონცეფციაც. რიგითი მომხმარებელი უბრალოდ ვერ ხვდებოდა რაში, როგორ ან რისთვის უნდა გამოეყენებინა აღნიშნული სოც.ქსელი.

2018 წელს Google-ში აღიარეს, რომ აღნიშნული პროდუქტი არავის სჭირდებოდა და მისი დახურვა დააანონსეს. 2019 წელს Google+  ოფიციალურად დახურეს.

Facebook-ისთვის კონკურენციის ამბიცია ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.

გენიოსის Apple-იდან წასვლა

ბრიტანელი დიზაინერი, ჯონი აივი Apple-ისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გიგურად იქცა და პირდაპირ ასოცირდებოდა კომპანიის პროდუქტების წარმატებასთან. თუმცა ერთი შეხედვით ყველაზე წარმოუდგენელი ამბავი მაინც მოხდა. 2019 წლის ივლისში ჯონი აივმა კომპანია Apple-ი დატოვა. ლეგენდარულმა დიზაინერმა საკუთარი სტუდიის შექმნა გადაწყვიტა, Apple-ის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა კი ის ყველაზე თბილი სიტყვებით გააცილა.

ამერიკელი ჟურნალისტების ვარაუდით აივი უბრალოდ არ წავიდოდა და დიდი ალბათობით ეს კუკთან უთანხმოების შედეგია.

აივი ლეგენდარული სტივ ჯობსის მეგობარი და თანამოაზრე იყო. ჯობსთან 20 წლიანი ერთობლივი მუშაობის დროს იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ კომპანიას არა ფინანსისტები, არამედ დიზაინერები უნდა მართავდნენ. ამ დროს ტიმ კუკი კომპანიაში სტანდარტული კორპორატიული კულტურის დანერგვას ემხრობა.

ჯობსის მმართველობის დროს ერთადერთი ადამიანი Apple-ში, ვისაც სტივ ჯობსის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეეძლო ჯონი აივი იყო, თუმცა კუკის მმართველობის დაწყების შემდეგ აივი ოფისში ფაქტობრივად აღარ იმყოფებოდა. როგორც არ უნდა იყოს, აივის წასვლასთან ერთად კომპანიაში სტივ ჯობსის ეპოქა დასრულდა. აივი იგივე „დნმ“-ს მატარებელი და «design is how it works» და «simplicity is the ultimate complexity» თეორიის დამცველი იყო.

Apple ჯობსის გარეშე კომპანიის ფანესთვის დიდ იმედგაცრუებად იქცა. ვნახოთ როგორი იქნება Apple-ი აივის გარეშე.

Google-ის და Huawei-ს თანამშრომლობის შეწყვეტა

აშშ-სა და ჩინეთს შორის გაჩაღებული სავაჭრო-ეკონომიკური დაპირისპირება უკვე ორი წელია გრძელდება, რის გამოც ყველაზე დიდ დარტყმას მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები იღებენ. აღნიშნული დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ა, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

ამერიკელი პოლიტიკოსები Huawei-ს სანქციებით დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდნენ, თუმცა ქმედებებზე აშშ-ს ხელისუფლება 2019 წელს გადავიდა: აშშ-მ Google-ს Huawei-სთან თანამშრომლობა აუკრძალა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩინური კომპანია საკუთარ მოწყობილობებზე ვეღარ გამოიყენებდა Google-ის სერვისებს ოპერაციული სისტემა Android-ის ჩათვლით.

ამჟამად Huawei საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და Google-ის Maps, Gmail, Pay, YouTube, Store და Games-ის ანალოგებს ქმნის. Huawei-ს  და Honor India-ს დირექტორმა, ჩარლზ პენგმა მომდევნო Honor სმარტფონში Google-ის სერვისების გამოყენება დაადასტურა.

სანქციების მიუხედავად Huawei-ში აცხადებენ, რომ მათი გაყიდვები 26%-ი გაიზარდა.

საკეცი Samsung Galaxy Fold-ის მარცხის ისტორია

Samsung-მა საკეცი ეკრანის მქონე სმარტფონის შესაძლო გამოშვების პირველი მინიშნებები რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. Galaxy Fold 2019 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, გაცხადდა ფასი, ხოლო ამერიკელ ჟურნალისტებს სატესტო მოწყობილობებიც ჩამოურიგეს. წარმატება სადღაც ახლოს იყო, რომ არა მოულოდნელი უსიამოვნება.

რამდენიმე ავტორიტეტულმა მიმომხილველმა აღნიშნული სმარტფონის ეკრანის დაზიანება შეძლო. მათი მტკიცებით ახალი ფლაგმანის ეკრანი მარტივად მსხვრევადია. $2000 ღირებულების მოწყობილობისთვის ეს უპატიებელი შეცდომა იყო.

სკანდალის გამო Samsung-ს Fold-ის გაწვევა გაყიდვების დაწყებამდე მოუწია. რევოლუციური საკეცი სმარტფონის რეაბილიტაციისთვის კომპანიას დაახლოებით 6 თვე დასჭირდა. განმეორებითი გაყიდვები დეკემბერში დაიწყო. სმარტფონს ეკრანის გარშემო ჩარჩო შეემატა, თვითონ კონსტრუქცია კი უფრო მყარი გახდა.

WhatsApp-ზე განხორციელებული გახმაურებული თავდასხმა

იმის შემდეგ, რაც Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ზაქერბერგმა Instagram-ის და WhatsApp-ის მის ძირითად სოც.ქსელთან ინტეგრაცია დააანონსა, აღნიშნული მესენჯერის უსაფრთხოების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

გაჟონილმა ინფორმაციამ არ დააყოვნა და 2019 წლის მაისში WhatsApp-მა მესენჯერზე განხორციელებული „სერიოზული ჰაკერული თავდასხმის“ ფაქტი აღიარა. როგორც აღმოჩნდა, WhatsApp-ში არსებული ხარვეზი მხოლოდ ერთი ზარით მომხმარებლების მოწყობილობების დისტანციური დაჰაკვის შესაძლებლობას იძლეოდა. ჰაკერული თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ხორციელდებოდა მიუხედავად იმისა უპასუხებდა თუ არა მომხმარებელი უცნაური ნომრიდან შემოსულ ზარს.

ბოროტმოქმედებს ასეთი სახით შეეძლოთ სრულად გაეკონტროლებინათ მსხვერპლის სმარტფონი, მიეღოთ წვდომა კამერაზე და მიკროფონზე, გამოეყენებინათ ან წაეშალათ მოწყობილობაში არსებული ფაილები. WhatsApp-ის განცხადებით აღნიშნული ხარვეზის ბოროტად გამოყენება მხოლოდ მოწინავე კიბერ ორგანიზაციებს შეეძლოთ.

ექსპერტები ჰაკერულ შეტევას ებრაულ კომპანია NSO Group-ს უკავშირებენ, რომელიც ციფრული დაზვერვით არის დაკავებული. კომპანიის მავნე პროგრამა Pegasus-ი ასევე უზრუნველყოფს მობილური ოპერატორის გავლით მსხვერპლის მოწყობილობაზე სრული კონტროლის მიღებას.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით NSO Group-ი საკუთარ პროდუქციას ხელისუფლებაზე ყიდის, რომელიც თავისმხრივ აქტივისტების და ოპოზიციონერების უთვალთვალებს. WhatsApp-ი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე უფლებადამცველები და  იურისტები  იყვნენ.

Facebook-ის კრიპტოვალუტა

libra-ის სურათის შედეგი

Bitcoin-ის და მრავალი ალტერნატიული კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ ახალი ციფრული ვალუტის ჰაიპი დაცხრა. თუმცა კრიპტოვალუტის  2019 წლის ერთ-ერთ „ნიუსმეიქერად“ თამამად შეგვიძლია Facebook-ი დავასახელოთ.

Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტა Libra წარმოადგინა. პროექტის ხელმძღვანელად PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ მარკუსი დაინიშნა. დეველოპერების თქმით, ახალი კრიპტოვალუტა ბევრად უფრო სტაბილური იქნება, ხოლო მისი კურსი  აშშ-ის დოლარის კურსზე იქნება მიბმული.

დეველოპერებს Facebook-ის ბაზაზე უნდა შეექმნათ ახალი პლატფორმა, რომელიც ახალი კრიპტოვალუტით ვაჭრობის ან მისი ნებისმიერ სხვა ვალუტაში კონვერტაციის შესაძლებლობას მოგვცემდა. სამწუხაროდ Libra-ს ჩაშვებამდე აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელმა უწყებებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ აღნიშნული ვალუტის ფუნქციონირებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ Mastercard-მა, Visa-მ, Ebay-მ, Stripe-მა და Mercado Pago-მ Facebook-ის ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ახალი თაობის Wi-Fi

ახალი თაობის მობილური ქსელების განვითარებასთან ერთად, წელს ახალი სტანდარტი Wi-Fi ტექნოლოგიამაც მიიღო.

ახალი უსადენო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი ინტერნეტის სიჩქარის გაზრდასთან ერთად Wi-Fi შეღწევის წერტილთან ერთდროულად დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობასაც ზრდის.

Wi-Fi 6-ის სიჩქარე 9,6 გბიტ/წმ-მდე გაიზარდა (დაახლოებით 1,2 გბ/წამში), რაც Wi-Fi 5-ის მაქსიმალურ სიჩქარეზე 6,1 გბიტ/წმ-ით მეტია.

როგორც ცნობილი ხდება, Wi-Fi 6 ქსელის გადატვირთვის პრობლემასაც მოაგვარებს და ქსელს კიბერშეტევებისგან უფრო დაცულს გახდის.

Google-ის ალგორითმების გლობალური განახლება

2019 წლის მიწურულს Google-მა საკუთარი საძიებო სისტემის სრულიად ახალ ალგორითმზე გადაყვანა დააანონსა.

BERT-ი აანალიზებს დამხმარე სიტყვებს, წინადადებებს, მათ ცალკეულ ნაწილებსა და სიტყვათა შეთანხმებას, რის შედეგადაც ალგორითმს თქვენი მოთხოვნის სრულად „გააზრება“ შეუძლია.  შედარებისთვის აქამდე Google მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს აღიქვამდა და არა წინადადებას.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ BERT-ი „ბოლო 5 წლის უდიდესი მიღწევაა“.

დაკავშირებული სტატიები
ანალიტიკა

როგორ შეგვცვალა ონლაინ ცხოვრების ერთმა წელმა

1 Mins read
უკვე რთული წარმოსადგენი არ არის მთელი დღის ონლაინში გატარება. ოთხი საათის განმავლობაში Zoom-ის ან FaceTime-ის გამოყენება. სამ-სამი საათის დახარჯვა ინტერნეტში ბრაუზინგსა და…
ანალიტიკა

ხელოვნური ინტელექი, როგორც მოსამართლე და ფარმაცევტი — ქვეყნების გამოცდილება

1 Mins read
საქართველოში ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მკაფიო ხედვა არ არსებობს, თუმცა მრავალი სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად იწყებს ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეების…
ანალიტიკამედიცინამეცნიერება

COVID-19: წესების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა — კვლევა

1 Mins read
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პირველი ლოქდაუნის შემდეგ, მსოფლიო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უბრუნდება ეკონომიკურ საქმიანობას, ხოლო მოქალაქეები, გადაადგილებისთვის ისევ საზოგადოებრივ…
Power your team with InHype

Add some text to explain benefits of subscripton on your services.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.