Microsoft-მა ახალი Surface მოწყობილობები, მათ შორის სმარტფონი წარმოადგინა

Microsoft-ის ოქტომბრის პრეზენტაციამ ნამდვილად გაგვაოცა. ნიუ-იორკში ჩატარებულ პრეზენტაციაზე კომპანიამ ახალი მოწყობილობების მთელი ბუკეტი წარმოადგინა, მათ შორის ვიხილეთ საკეცი სმარტფონი Android-ზე, საკეცი პლანშეტი Windows 10 X-ზე, უსადენო ყურსასმენები, Microsoft-ის საფირმო ჩიპზეტზე მომუშავე Surface Pro X, AMD-ს პროცესორზე მომუშავე Laptop 3 და განახლებული Surface Pro 7. აღნიშნულ სტატიაში თითოეულ მოწყობილობას მოკლედ გაგაცნობთ.

Surface Laptop 3

Surface Book 2-ის მსგავსად Laptop 3 წარმოდგენილია 13 და 15 დიუმიანი კონფიგურაციით. 13-დიუმიანმა ვერსიამ მე-10 თაობის Intel Ice Lake ხოლო 15-დიუმიანმა ვარიანტმა AMD Surface Edition პროცესორები მიიღეს.  Microsoft-ის განცხადებით, ეს იქნება  ბაზარზე არსებული ყველაზე სწრაფი 15-დიუმიანი ლეპტოპი ( საუბარია AMD-ზე მომუშავე მოწყობილობებზე, რომელთა სისქე არ აღემატება 20 მმ-ს და აქვთ 15 ვტ-იანი TDP).  აღნიშნული სახელწოდების უკან რეალურად პროცესორი Ryzen 7 3780U და Vega 11-ის გრაფიკა იმალება.

Surface Laptop-ში ასევე  განახლდა კლავიატურა, რის შედეგადაც ის უფრო ერგონომიული გახდა. ასევე 20%-ით გაიზარდა ტრეკპადი. გარდა ამისა, მოწყობილობამ USB-A/ USB-C პორტები და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა მიიღო— მოწყობილობა 80%-მდე ერთ საათში იმუხტება. კომპიუტერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლედ ლეპტოპის მარტივი დაშლის და მისი კომპონენტების შეცვლის შესაძლებლობა იქცა. მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში სულ რამდენიმე მოძრაობით შეუძლიათ გამოცვალონ დაზიაებული SSD.

Surface Laptop 3-ის 13-დიუმიანი მინიმალური კონფიგურაციის ფასი $999-ს შეადგენს, 15-დიუმიანი მინიმალური კონფიგურაცია კი $1199 ეღირება. წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო.

Surface Pro 7

ობიექტურად რომ შევაფასოთ, Surface Pro 7 აღნიშნული ღონისძიების ყველაზე მოსაწყენ ანონსად იქცა. ის ჩვეულებრივ პლანშეტურ კომპიუტერად დარჩა, რომელმაც განახლებული Intel-ის პროცესორი მიიღო. Surface Laptop 3-ის მსგავსად Pro 7-ში თქვენ SSD-ს მარტივი ჩანაცვლება შეგეძლებათ. სხვა სიახლეებიდან შეგვიძლია USB-A და USB-C პორტების გამოჩენა აღვნიშნოთ. Surface Pro 7-ის მინიმალური კონფიგურაციის ფასი $749-ს შეადგენს.

Surface Pro X

Surface-ის ხაზის კიდევ ერთ საინტერესო ანონსად ARM არქიტექტურაზე მომუშავე Surface Pro X იქცა. თხელი ეკრანის ჩარჩო და კორპუსი, 13-დიუმიან პლანშეტს ნამდვილად მობილურ მოწყობილობად აქცევს. Pro X-ი Microsoft-ის საფირმო ჩიპსეტს, SQ1-ს იყენებს, რომელიც კომპანიამ Qualcomm-თან თანამშრომლობით შექმნა. მისი გრაფიკული სიმძლავრის მაჩვენებელი 2 ტერაფლოპს უტოლდება და Qualcomm-ის მიერ  კომპიუტერებისთვის შექმნილ ყველაზე სწრაფ პროცესორად დასახელდა. პლანშეტმა ე.წ „ყდა-კლავიატურა“-ც მიიღო, რომელიც ეკრანის მხარეს უსადენო დამუხტვის მქონე ახალ საფირმო სტილუსს მალავს.

გსურთ Surface Pro X-ს შეძენა? მაშინ მინიმალურ კონფიგურაციაში თქვენ $999-ის გადახდა მოგიწევთ.

Surface Earbuds

AirPods-ის მსგავსი გადაწყვეტილება Microsoft-ის ლოგოთი. Surface Earbuds-მა ცოტა მაღალი ფასითაც გაგვაკვირვა. შემდეგი სიურპრიზი კი Office 365-თან ინტეგრაციას უკავშირდება, რაც კალენდართან, ელ.ფოსტათან და სხვა საოფისე სერვისებთან მუშაობას ხმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა აღნიშნული ყურსასმენები თქვენი PowerPoint პრეზენტაციისთვის ავტომატურად დააგენერირებენ სუბტიტრებს. Microsoft-ის უსადენო ყურსასმენებს მუსიკის დაკვრის და ხმის ჟესტებით კონტროლის შესაძლებლობა აქვს.

ფასი? $249

Surface Neo

ტრადიციულ კომპიუტერებზე საუბრის დასრულების შემდეგ პენოს პანაიმ კომპანიის საკეცი კომპიუტერი, Surface Neo წარმოადგინა. 360-გრადუსიანი გადაკეცვის შესაძლებლობით აღნიშნული მობილური მოწყობილობის გამოყენება უფრო უნივერსალური ხდება. გაშლილ მდგომარეობაში ეკრანის ზომა 13 დიუმს შეადგენს.

მოწყობილობას Surface Pen-ის და სპეციალური პორტატული კლავიატურის მხარდაჭერაც გააჩნია, რომელიც ერთ-ერთ ეკრანზე მაგნიტით მაგრდება. მოწყობილობა Windows 10 X-ზე მუშაობს, რომელიც სპეციალურად საკეცი მოწყობილობებისთვის შეიქმნა. პროცესორის სახით კი კომპანიამ აქ ჯერ-ჯერობით უცნობი Intel Lakefield-ი გამოიყენა. უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ორ ცალ-ცალკე განლაგებულ ეკრანზე და არა რომელიმე ერთიან საკეც ეკრანზე, რომელიც ჩვენ Galaxy Fold-ში ან Huawei Mate X-ში ვიხილეთ.

Surface Neo-ს ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. პლანშეტის გაყიდვები 2020 წლის ბოლოს დაიწყება. გაყიდვების დაწყებამდე კი კომპანია ეტაპობრივად მოწყობილობის დეტალურ მახასიათებლებს და რა თქმა უნდა ფასს გაგვიმხელს.

Surface Duo

ლეგენდარული Surface Andromeda! Surface Duo თურმე ორი 5.6 დიუმიანი ეკრანის მქონე Android სმარტფონია, რომელსაც 360-გრადუსიანი სახსარი აერთიანებს. გაშლილ მდგომარეობაში მოწყობილობის ეკრანების ჯამური ზომა 8.3-დიუმს აღწევს. Surface Neo-სგან განსხვავებით, Duo მოსალოდნელი Windows-ის ნაცვლად Microsoft-ის მიერ მოდიფიცირებულ Android-ზე მუშაობს, რომელსაც Google-ის სერვისების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს. ამიერიდან Microsoft-ი ოფიციალურად Android სმარტფონების მწარმოებელიც გახდა.

Surface Neo-ს მსგავსად უახლოეს მომავალში არც Duo-ს გაყიდვების დაწყებას უნდა ველოდოთ.

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published.

Previous Post

Microsoft Event 2019: ტექსტური და ვიდეო ტრანსლაცია

Next Post

EA ორფაქტორიანი ავტორიზაციის გააქტიურების სანაცვლოდ Origin Access-ზე ერთთვიან წვდომას გთავაზობთ

Related Posts

Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ალტერნატივის ტესტირება დაიწყო

რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ Google-ის სერვისების საკუთარი ანალოგი— Huawei Mobile Services (HMS) წარმოადგინა. Huawei-ს Google-ის სერვისების ანალოგზე…
გაიგე მეტი

გუგლი, Pixel-ის სმარტფონებში პულსის საზომის ფუნქციას ამატებს

Google Pixel სმარტფონებში პულსის და სუნთქვის სიხშირის გაზომვის ფუნქცია გამოჩნდება, რომელიც არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას. კომპანიის განცხადებით, მარტის…
გაიგე მეტი

Google-მა Xiaomi-ს, Samsung-ის, LG-ს და Huawei-ს Android სმარტფონებში კრიტიკული მოწყვლადობა აღმოაჩინა

კომპანია Google-ის Project Zero-ს სპეციალისტებმა Android-ში უსაფრთხოების პრობლემა აღმოაჩინეს. დეტალები აღნიშნული მოწყვლადობა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში აღმოფხვრეს,…
გაიგე მეტი
Total
0
Share